ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი იზიუმში მასობრივი სასაფლაოს აღმოჩენას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთმა ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს.
ლიპავსკი ამბობს, რომ რუსული ჯარის დანაშაულის გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალი უნდა შეიქმნას.
"რუსეთმა იზიუმთან დატოვა საერთო სამარხები ასობით დახვრეტილი და ნაწამები ადამიანის. ამ საუკუნეში მსგავსი ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - წარმოუდგენელი და საშინელია. არ გვაქვს უფლება ამაზე თვალები დავხუჭოთ. გამოვდივართ ინიციატვით რომ ასეთი სამხედრო დამნაშავეები დაისაჯონ", - თქვა მინისტრმა.
15 სექტემბერს ხარკივის რეგიონის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სასაფლაო იპოვეს, სადაც 440 ადამიანია დაკრძალული.
ზოგ სამარხზე ხის ჯვარია აღმართული, რომელზეც რიცხვებია დატანილი. ზოგიერთ მათგანზე დაღუპულის ვინაობა და სავარაუდოდ, დაღუპვის თარიღიცაა აღნიშნული. საფლავების ნაწილთან ყვავილები აწყვია.
ბოლვინოვის ცნობით, დაღუპულები ცალ-ცალკე არიან დაკრძალულნი. მისი თქმით, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი საარტილერიო ცეცხლსა და საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა.
ხარკივის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხედრების დიდი ნაწილი იდენტიფიცირებული არაა, ამიტომ ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება, რითაც სიკვდილის მიზეზი დადგინდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ იზიუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილ ცხედრებს წამების კვალი ეტყობათ. მისივე თქმით, სამარხში აღმოაჩინეს ბავშვების ცხედრებიც.